თეგი: ჯონ ტეფტი

ჯონ ტეფტი: წვრთნების შემდეგ რუსული დანაყოფები სახლში არ დაბრუნებულან, ისინი საქართველოში შემოიჭრნენ

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დღევანდელი სიტუაცია და განუწყვეტელი სპეკულაციები ძალიან ჰგავს 2008 წლის ომის პრელუდიას - საკმარისია ეს დასკვნების გასაკეთებლად? ამ კითხვას უპასუხა ჯონ ტეფტმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში. ის ამავე თანამდებობაზე მსახურობდა ლიეტუვაში, უკრაინასა და რუსეთშიც. „დიახ, მე მაშინ იქ ვიყავი, მამაცი საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით... 10-დან 20 თებერვლამდე, რუსეთი ე.წ. წვრთნებს ატარებს ბელორუსში, ბელორუს სამხედროებთან ერთად. 20 თებერვლისთვის ოლიმპიადა პეკინში დასასრულს მიუახლოვდება. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პუტინი არაფერს მოიმოქმედებს ოლიმპიადის დროს, რათა საკუთარი მეგობარი, ჩინეთის პრეზიდენტი სი არ დაჩრდილოს. მაგრამ, როდესაც ბელარუსის საზღვარზე ამდენ რუს სამხედროს უყრი თავს... ნებისმიერ ქართველს ჰკითხეთ, ახსოვს თუ არა, რა მოხდა 2008 წელს, როდესაც მსგავსი წვრთნები ჩრდილო კავკასიაში მიმდინარეობდა - წვრთნების შემდეგ რუსული დანაყოფები სახლში არ დაბრუნებულან, ისინი საქართველოში შემოიჭრნენ. თანაც, მაშინაც ოლიმპიადა იყო და მაშინაც ჩინეთში. მოკლედ, ბევრი დამაფიქრებელი პარალელია... რუსეთი მზად იყო შემოსაჭრელად. ეს იყო მანევრი, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ეს ფაქტობრივად აღიარა კიდეც კონდოლიზა რაისთან სატელეფონო ზარის დროს - რომ მათი მიზანი იყო, თბილისში მთავრობა შეეცვალათ. ახლახან, როდესაც ბრიტანელებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთი ემიგრაციაში მყოფ ზოგ ყოფილ უკრაინელ ლიდერს ესაუბრებოდა, ეს კიდევ ერთხელ გამახსენდა“, - განაცხადა ჯონ ტეფტმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ჯონ ტეფტი: საქართველოში ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს - ეს საღ აზრს მოკლებულია

საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის განცხადებით, საღ აზრს და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ზოგიერთი ადამიანის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს, შეერთებულ შტატებს საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნა სურს. დიპლომატი აცხადებს, რომ ვაშინგტონი საპირისპიროს ცდილობს, თეთრ სახლს სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ომი, უფრო ფართო მასშტაბებს არ მიიღებს. ტეფტის თქმით, ომის დაწყების დღიდან, ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა, ამიტომ, მისთვის რთული წარმოასდგენია, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს, საქართველოში გარკვეული პირების მხრიდან, „მეორე ფრონტის“ შესახებ მიმდინარე რიტორიკას. „ზოგიერთები საქართველოში რატომღაც ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს. ეს ყველანაირ საფუძველს მოკლებული არგუმენტია. ყოველ შემთხვევაში, იქედან გამომდინარე, რაც მე რუსეთის ომთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის პოლიტიკის შესახებ ვიცი... როცა ადამიანები ამბობენ, რომ შეიძლება რაღაც სხვა ხდება, ჩემთვის ეს საღ აზრს მოკლებული განცხადებებია. არ მესმის, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რადგან ამის შესახებ აქ, ვაშინგტონში ნამდვილად არაფერი მსმენია და მე მჭიდრო კავშირი მაქვს უამრავ ადამიანთან, როგორც მთავრობაში, ასევე მის გარეთ“, - აცხადებს ჯონ ტეფტი. ტეფტის თქმით, მისთვის ისიც გაუგებარია, რატომ შეიძლება ფიქრობდეს ვინმე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ელჩ დეგნანს შორის, „რაიმე განსხვავებაა“. „სიმართლე გითხრათ, ეს [ელჩის წინააღმდეგ მიმდინარე ნეგატიური კამპანია] ძალიან დამაბნეველია ჩემთვის და საქართველოს სხვა მეგობრებისთვის, რომლებიც მთავრობის გარეთ არიან. მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ იმ განცხადებით, რომელიც ნედ პრაისმა გასულ კვირას, ელჩი დეგნანის დასაცავად გააკეთა, ვფიქრობ, მთავრობის შიგნითაც იგივე ხდება. ხალხს უბრალოდ არ ესმის, კრიტიკოსები ამას რატომ აკეთებენ. კელი დეგნანი ამ ადმინისტრაციის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელია. ვიცი, რომ ის არის ძალიან ფრთხილი და პროფესიონალი დიპლომატი. ის წარმოადგენს შეერთებული შტატების ინტერესებს და ღიად საუბრობს ამ ინტერესებზე“, - აცხადებს ტეფტი, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას. ტეფტის განმარტებით, ზოგადად, თუ დიპლომატიაში რაიმე პრობლემა იქმნება, ამის შესახებ პირისპირ საუბრები იმართება და არა საჯარო გამოსვლები. „განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ნაწილია, გახდეს ევროკავშირის და ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრი. „ეს ორი რამ ურთიერთგამომრიცხავია. სწორედ ამის გამო, საქართველოს მეგობრებს უჭირთ, ეს გაიგონ“, - ამბობს დიპლომატი. ჯონ ტეფტი, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს, 2005-2009 წლებში იკავებდა.